რა უნდა გავითვალისწინოთ სესხის მოთხოვნისას?
ახალი სესხი თქვენი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესაძლებლობაა, მაგრამ ამავდროულად სერიოზული ფინანსური ვალდებულებაა, რომელსაც გრძელვადიანი ეფექტები გააჩნია. ამ სტატიაში იხილავთ იმ მთავარ ფაქტორებს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ სესხის მოთხოვნისას, რათა თავიდან აირიდოთ იმპულსური გადაწყვეტილებები და შეცდომები.
ახალი ფინანსური ვალდებულება ყოველთვის უნდა იყოს დაბალანსებული და გააზრებული გადაწყვეტილება. სესხის მოთხოვნამდე უნდა დაისვას და შემოწმდეს რამდენიმე კითხვა.
სესხის სახეობა
თუ უკვე მიხვედით სესხის მოთხოვნის გადაწყვეტილებამდე, უნდა გქონდეთ გააზრებული საჭიროება, რომელსაც დააკმაყოფილებთ მოთხოვნილი თანხით. ფინანსური დაწესებულებები, მომხმარებლის საჭიროებებიდან გამომდინარე, თავაზობენ სხვადასხვა სახეობის საკრედიტო პროდუქტებს. მაგალითად სახლის ან აპარტამენტის შესაძენად – იპოთეკის სესხი; ავტომობილის შესაძენად – მანქანის სესხი ან ლიზინგი; ყოველდღიური ხარჯებისთვის – მოკლე ვადიანი სესხი, საკრედიტო ბარათი; განათლებისთვის – სტუდენტური სესხი და ა.შ. სესხის სახეობის ასარჩევად, ჩვენ გირჩევთ გაეცნოთ ფინანსური დაწესებულებების შეთავაზებებს და შემდეგ ჩაეწეროთ კონსულტაციაზე, სადაც კომპანიის წარმომადგენელი დაგეხმარებათ ოპტიმალური სესხის სახეობის იდენტიფიცირებაში. დასვით კითხვები სესხის მოთხოვნის პროცესის შესახებ, ვადებზე, სტანდარტულ პირობებზე და გადახდის განრიგზე, რათა უკეთ გაიგოთ რამდენად შეგიძლიათ ან არ შეგიძლიათ სესხის ეფექტურად გადახდა.
მოერიდეთ თაღლითებს
ფინანსური პროდუქტები მომხმარებლის სოციუმის განუყოფელი ნაწილი გახდა. აქედან გამომდინარე სხვადასხვა თაღლითები მით უფრო გააქტიურდნენ ბოლო წლების განმავლობაში. ისინი იმალებიან ორგანიზაციის იმიჯის უკან, რომელიც ერთი შეხედვით ლეგიტიმურია. ყოველთვის შეამოწმეთ თქვენი შერჩეული მსესხებელი საჯარო რეესტრში. გადაცა თუ არა სახელმწიფომ შესაბამისი ლიცენზია, რაც უფლებამოსილს ხდის გაცეს ფინანსური სერვისები. მხოლოდ ამდაგვარი გადამოწმებით შეძლებთ თქვენი უფლებების დაცვის გარანტიას. ასევე ღირებულია კომპანიის საჯარო კომუნიკაციის არხების და მომხმარებლების მიერ დატოვებული შეფასებების მონიტორინგი, რაც სანდოობის რელევანტური მაჩვენებელია.
რა რაოდენობის თანხა მჭირდება?
ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სესხის მასშტაბებს და ისესხეთ მხოლოდ ის რაოდენობა, რაც გჭირდებათ. არცერთი თეთრით მეტი. საკრედიტო დაწესებულებებიდან და პროდუქტიდან გამომდინარე, შეგიძლია მოითხოვოთ სესხი რამდენიმე ასეული ლარიდან – ათიათასობით ლარამდე. ამიტომ თუ საჭირო თანხა საკმარისად მცირეა, განიხილეთ დაზოგვით ამ თანხის შეგროვების ან ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან სესხება.
რა იქნება საპროცენტო განაკვეთი?
თქვენი საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე და ხშირ შემთხვევაში გამომდინარეობს თქვენი საკრედიტო ქულიდან, სესხის ოდენობიდან და სესხის ხანგრძლივობიდან. საპროცენტო განაკვეთი განსხვავდება პროდუქტის სახეობიდან გამომდინარე და ასევე მსესხებლებს შორის. უმეტეს შემთხვევაში, თუ გაქვთ კარგი საკრედიტო ისტორია ან საკრედიტო ქულა, მოკლევადიანი, მცირე რაოდენობის სესხის მოთხოვნის შემთხვევაში შემოგთვაზებენ დაბალ საპროცენტო განაკვეთს. ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება წლიურ პროცენტს და ადმინისტრაციულ ხარჯებს, რასაც მსესხებელი მოთხოვს საჭირო დოკუმენტაციის მომზადების სანაცვლოდ. შეადარეთ სხვადასხვა მსესხებლების მიერ შემოთავაზებები და ხარჯები და აირჩიეთ შემოთავაზება ყველაზე დაბალი პროცენტით და დამატებითი ხარჯებით.
შევძლებ რეგულარული ყოველთვიური გადასახადის დაფარვას?
როდესაც მიღებთ შემოთავაზებას და გეცოდინებათ ყოველთვიური გადასახადი, გამოითვალეთ DTI თანაფარდობა. DTI თანაფარდობა თქვენი ფინანსური სიტუაციის და ფინანსური ვალდებულებების ძალიან კარგი მაჩვენებელია. ამავდროულად ეს მაჩვენებელი დაგეხმარებათ შეფასებაში – იქნება თუ არა ახალი სესხი გადაჭარბებული ფინანსური ტვირთი თქვენი თვიური ბიუჯეტისთვის. DTI-ის გამოსათვლელი ფორმულა მარტივია:
ნაბიჯი 1: დააჯამეთ თქვენი ყველი თვიური ვალდებულება.
ნაბიჯი 2: გაყავით ჯამური ვალდებულება თქვენ ნეტო შემოსავალზე და მიიღებთ DTI პროცენტს.
მაგალითი: მაია ეძებს 20 000 ლარის სესხს მანქანისთვის. მისი ხელფასია 1000 ლარი გადასახადების გადახდის შემდეგ და თვიურად 400 ლარს ხარჯავს იპოთეკის სესხზე, ხოლო 50 ლარს სტუდენტურ სესხზე. ჯამური თვიური ვალდებულება არის 450 ლარი. მისი DTI გამოითვლება (400+50)-ის დაჯამებით 1000ზე გაყოფით. მისი DTI არის 450/1000=45%. უმეტესობა ფინანსური დაწესებულებისთვის ეს თანაფარდობა ზედმეტად მაღალია, რადგან თუ 20 000 ლარის სესხს აიღებს, ყოველთვიური 290 ლარის გადასახადით, მისი DTI კიდევ უფრო გაიზრდება (450+290)/1000=74%. ყოველთვის ეცადეთ, რომ 40%-ს არ გადააჭარბოთ.
საჯარიმო გადასახადები
ცხოვრებაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენ შესაძლებლობაზე, რომ ყოველთვიურად დაფაროთ ფინანსური ვალდებულებები. აქედან გამომდინარე მიზანშეწონილია სანქციების გამოკვლევა, რომელიც შეიძლება კრედიტორმა დაგაკისროთ, დაგვიანებული გადასახადების შემთხვევაში. ამის მიუხედავად ჩვენი მკაცრი რეკომენდაციაა, რომ თავი დაიზღვიოთ, ყოველთვიურად თანხის გადადების მეშვეობით. ეს იქნება თქვენი დაზღვევა, თუ ჩავარდებით სიტუაციაში, სადაც თქვენი ყოველთვიური ვალდებულებების გადახდის საშუალება შეფერხდება. ამასთან ერთად გახსოვდეთ, რომ მსგავს მდგომარეობაში ყოველთვის შეგიძლიათ თქვენს კრედიტორს დაუკავშირდეთ და ობიექტური რეალობის ახსნის საფუძველზე, შეთანხმდეთ დროებით გამოსავალზე, როგორიცაა გადახდის გადავადება. არასდროს არ გამოტოვოთ თვიური გადასახადი, რადგან ამ ჩავარდნას შეუძლია სამუდამოდ დააზიანოს თქვენი საკრედიტო ისტორია და მომავალში სესხის დადასტურების შესაძლებლობა.
წვრილი შრიფტი
ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ კონტრაქტს. წინასწარ დამტკიცებული სესხის შემთხვევაშიც კი. მოიძიეთ პასუხი კითხვებზე, რომელიც არ გაქვთ ან არ მოგფიქრებიათ.
ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ფინანსური ცნობიერების პლატფორმა, მოცემულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის. მომხმარებელმა ყოველთვის უნდა გამოიკვლიოს თავად და მოიძიოს პროფესიონალის რჩევა, რათა დარწმუნდეს, რომ ჩვენს მიერ გაწეული რეკომენდაციები შეესაბამება თავის მდგომარეობას. ჩვენ არ ვიძლევით ამ ვებგვერდით გავრცელებული არცერთი რჩევის, მოსაზრების ან განცხადების სრული სიზუსტის, სისრულის ან სანდოობის გარანტიას. ამიტომ, მოწოდებულ ინფორმაციაზე ნებისმიერი დამოკიდებულება მხოლოდ თქვენი რისკის ქვეშაა.