როგორ შევქმნათ დანაზოგი და დავგეგმოთ პირადი ფინანსები
პერსონალური ბიუჯეტირება ყოველთვის აუცილებელია. განსაკუთრებით ახლა, როდესაც სტაგნაციის, ინფლაციის და ენერგორესურსების მზარდი ფასების ნიშნები შეინიშნება მსოფლიოში. კარგად გააზრებული და გაწერილი ბიუჯეტი მოსალოდნელი ხარჯებით დაგეხმარებათ ფინანსური სირთულეების გადალახვაში და ეკონომიკური კეთილდღეობის შენარჩუნებაში.
ბიუჯეტის წარმოება შეიძლება დავახასიათოთ მარტივად – დახარჯე იმაზე ნაკლები, ვიდრე გამოიმუშავებ, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ფორმულა ყოველთვის არ ამართლებს, რადგან ყველას გვაქვს ინდივიდუალური მოთხოვნილებები, ფულის ხარჯვის ჩვევები და სურვილები. ხშირ შემთხვევაში ექსპერტები გვირჩევენ, რომ ბიუჯეტირების დროს დეტალურად ჩავუღრმავდეთ საკითხებს. ამ სტატიაში იხილავთ მთავარ პრინციპებს, რომელზე დაყრდნობითაც შეგიძლიათ თქვენი ფინანსები და ხარჯები უფრო წარმატებულად დაგეგმოთ.
დაისახეთ მიზანი
ვთქვათ, რომ გადაწყვიტეთ ბიუჯეტის დაწერის დაგეგმვა. როგორც წესი ამის უკან დგას რაიმე მიზეზი, მაგალითად, არასასურველი რეგულარული და არარეგულარული ხარჯების შემცირება, მომავლისთვის ფულის შეგროვება, მომავლში დიდი შენაძენისთვის ფულის შეგროვება და ბევრი სხვა. ნათლად დასახული მიზანი, რომელიც დროშია გაწერილი, ერთგვარი პირობაა. ამდაგვარ უფრო მარტივი გახდება საჭირო ცვლილებების და ცვლილებების დონის იდენტიფიცირება.
ჩვევის გამომუშავება
როგორც წესი ჩვევის ჩამოყალიბებას ჭირდება 2 თვემდე. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ და გამოიმუშავოთ ფულის ხარჯვის დისციპლინა. ეცადეთ რომ იცხოვროთ ეკონომიურად დროის ამ მონაკვეთში და თავი აარიდოთ იმპულსურ შენაძენებს. 60 დღის შემდეგ შეამჩნევთ, რომ ფულის დაზოგვა უფრო მარტივი იქნება ვიდრე დახარჯვა!
თვალი ადევნეთ თქვენს ხარჯებს
ექსპერტები გვირჩევენ, რომ რეგულარულად ვაწარმოოთ ფულის დინების მონიტორინგი, რათა უკეთ დავინახოთ შესაძლებლობები, სადაც შეგვიძლია ხარჯების დაზოგვა და დანაზოგის შექმნის ჩვევის გამომუშავება. პირველი 3-6 თვის განმავლობაში შეძლებთ უკეთ გაიგოთ რომელი რეგულარული და არარეგულარული ხარჯებისგან შედგება თქვენი ბიუჯეტი და თუ როგორ შეიძლება მათი შემცირება. მონიტორინგისთვის რეკომენდირებულია რომელიმე დეტალური ცხრილის (MS Excel) ან აპლიკაციის (YNAB. Spendee, MS My money, და სხვა) გამოყენება, რათა შეძლოთ ხარჯების დეტალურად აღწერა. ეცადეთ, რომ ხარჯები მაქსიმალურად დაყოთ კატეგორიებად, როგორიცაა კვების ხარჯი, ჰიგიენის, კულტურის, განთავსების, კომუნალურების, წვეულებების, ალკოჰოლის, განათლების, სოციალური მედიის, ტრანსპორტირების, მოგზაურების, ტანსაცმლის, საჩუქრის, დიდი შენაძენის, სესხების და სხვა. ყოველთვე გადააფასეთ თქვენი ბიუჯეტი და გადაწყვიტეთ კონკრეტულად რომელიც ხარჯების შემცირება შეიძლება, რათა დაზოგოთ კიდევ უფრო მეტი სახსრები.
დაფარეთ აუცილებელი ხარჯები
აუცილებელი ხარჯები შეიძლება ეხებოდეს რეგულარულ ხარჯებს, როგორიცაა აპარტამენტის ან სახლის ხარჯი, ფინანსური ვალდებულება, როგორიცაა ბანკის სესხი. არ უნდა მოხდეს აუცილებელი ხარჯების გადავადება ფულის დაზოგვის მიზნით. სხვა შემთხვევებში, როგორიცაა კვების ხარჯი, ასევე შედის აუცილებელ ხარჯებში, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია საყიდლების სიის გადაფასება და უფრო იაფი ალტერნატივების შეძენა.
შეამცირეთ ხარჯები მეორეხარისხოვან პროდუქტებზე
წინა წესს მივყავართ შემდეგზე – ნაკლები დახარჯეთ იმ პროდუქტებზე, რაც არ არის გადარჩენისთვის აუცილებელი. თუ გინდათ ფულის დაზოგვა, არ გჭირდებათ ყველაზე ძვირი ფეხსაცმელი ან დიზაინერის ხელჩანთა. ეცადეთ, რომ დააბალანსოთ ხარისხი, ბრენდი და ფასი. პირველ ადგილზე დააყენეთ ფუნქცია.
მოერიდეთ ცხოვრების სტილის ინფლაციას
როდესაც ადამიანის შემოსავალი იზრდება, ხშირ შემთხვევაში ასევე იზრდება ამბიცია და ფულის ხარჯვა – უფრო ძვირი და არასაჭირო შენაძენებით. შემოსავლის გაზრდა არ ნიშნავს, რომ თქვენი ხარჯები ავტომატურად უნდა გაიზარდოს. მსგავს შემთხვევაში რისკავთ ერთგვარ ბორბალზე სირბილის დაწყებას – იზრდება თქვენი შემოსავალი, იზრდება ხარჯები, შესაბამისად იზრდება საჭიროებები და ფინანსური ვალდებულებები, რაც გავალდებულებთ, რომ უფრო მეტი იმუშაოთ, რომ მეტი გამოიმუშავოთ და ა.შ. რაღაც ეტაპზე დაეჯახებით ხელფასის და მუშაობის ეფექტიანობის ჭერს და ისევ მოგიწევთ ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრება. ამიტომ ჭკვიანურად დახარჯეთ თქვენი ფული, შეინარჩუნეთ დაზოგვის ჩვევა. არ შეგიძლიათ მანქანის ფასის გაკონტროლება, მაგრამ შეგიძლიათ აირჩიოთ რომელ მანქანას იყიდით.
სესხის აღების გადაწყვეტილება სწრაფად არ მიიღოთ
თუ მოახერხეთ შემოსავლის და ხარჯების სტაბილიზაცია და რეგულარულად დანაზოგის გაზრდა, ძალიან დიდი სიფრთხილით შეაფასეთ გჭირდებათ თუ არა ახალი სესხი უფრო დიდი შენაძენისთვის ან ალტერნატიულად შეგიძლიათ თუ არა თავად დააგროვოთ საჭირო თანხა ნელ-ნელა ფულის გადადებით. საკრედიტო ვალდებულებები გაუაზრებლად არ დაიკისროთ. ამავდროულად სესხის აღების შემთხვევაში, არ არის აუცილებელი მაქსიმალურ შემოთავაზებულ სესხზე დათანხმდეთ, მაგალითად სახლის ან მანქანის შეძენის შემთხვევაში.
თუ გადაწყვიტეთ კრედიტის აღება, მაგრამ გინდათ შეინარჩუნოთ ბულის დაზოგვის ჩვევა, მეტი დრო დაუთმეთ ბანკების და სხვა მსესხებლების შემოთავაზებების განხილვას. ყურადღება მიაქციეთ სესხის გაცემის საფასურს, საპროცენტო განაკვეთს და სხვა სესხთან ასოცირებულ ხარჯებს. შესაბამისად აირჩიეთ ყველაზე იაფი არსებული შემოთავაზება.
დანაზოგისთვის გადადეთ მინიმუმ 10-20%
არ დაგავიწყდეთ, რომ რეგულარულად გადადოთ ნეტო შემოსავლის მინიმუმ 10-20% ან ალტერნატიულად შეიქმნა უსაფრთხოების ბადე და გადადოთ 3-6 თვის ხელფასი. იმ შემთხვევაში თუ სამსახურს დაკარგავთ ან მოულოდნელი მნიშვნელოვანი ხარჯი გამოგიჩნდებათ არ მოგიწევთ იმაზე დიდი სესხის აღება, ვიდრე თქვენთვის კომფორტული იქნებოდა. ყოველთვის უკეთესია ცალკე ანგარიშის ქონა, საიდანაც ყოველდღიურად ფულს არ ხარჯავთ, როგორიცაა დანაზოგის ანგარიში. ხშირ შემთხვევაში ბანკები დანაზოგების ანგარიშზე თქვენთვის გამოსადეგ ყოველდღიური ხარჯის ლიმიტს აწესებენ. ალტერნატიულად ასევე შეგიძლიათ ნაღდი ფულის დანაზოგის გაკეთება, მაგრამ ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თანხის შენახვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ფინანსური ცნობიერების პლატფორმა, მოცემულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის. მომხმარებელმა ყოველთვის უნდა გამოიკვლიოს თავად და მოიძიოს პროფესიონალის რჩევა, რათა დარწმუნდეს, რომ ჩვენს მიერ გაწეული რეკომენდაციები შეესაბამება თავის მდგომარეობას. ჩვენ არ ვიძლევით ამ ვებგვერდით გავრცელებული არცერთი რჩევის, მოსაზრების ან განცხადების სრული სიზუსტის, სისრულის ან სანდოობის გარანტიას. ამიტომ, მოწოდებულ ინფორმაციაზე ნებისმიერი დამოკიდებულება მხოლოდ თქვენი რისკის ქვეშაა.